Babajana LOGO

გუბაზ სანიკიძე - მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ

21 სექტემბერს 2020 05:16ნახვები 1 126წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, ეს უკვე სერიოზული განცხადება და სერიოზული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლაზე არ აზიანებს კოალიციური მთავრობის იდეას, რადგან თავად იყო ოპოზიციის ერთიანი სიის და ერთობის ინიციატორი, რომელზეც ყველამ უარი თქვა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნებიან იმისთვის, რომ მოიგონ არჩევნები, მოვიდნენ უმრავლესობით და პარტია, რომელიც ამისთვის არ იბრძვის, „პარაზიტული პარტიაა“, რომელსაც სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებს პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ის ამბობს, რომ ფართო საზოგადოება უნდა ჩაერთოს ქვეყნის საქმეში და ფართო საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებიც იგულისხმება. როდესაც საუბარია, თითქოს სააკაშვილი შლის ერთობას, ებრძვის ერთობას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ინიციატორი იმისა, რომ დიდი ერთობა შემდგარიყო“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაასრულონ კინკლაობა, რადგან მთავარი სამიზნე „ქართული ოცნება“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.
„მმართველობის ორპოლუსიანობას თუ მრავალპოლუსიანობას 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტს. მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, რომ თუ ორპოლუსიანობის ეშინიათ, დაანებონ მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი იმიტომ, რომ ამით არაფერი გამოდის და უკუპროცესს ღებულობენ. დღეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს პოლიტიკური ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელშია იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უკვე რეაგირებს სააკაშვილის განცხადებებზე. საჭადრაკო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აქამდე თუ სააკაშვილი შავებით თამაშობდა, ახლა თეთრებით თამაშობს და ცოტა გამოფხიზლდეს ოპოზიცია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძემ განმარტა, რომ თავად პარტიული ცხოვრება დაასრულა, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს.
„დასამალი არ არის, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაქვს ინტენსიური კონსულტაციები. ჩემს სტატუს არ განსაზღვრავს სიაში ყოფნა-არ ყოფნა, ერთი რამე ვიცი, რომ მე ვიქნები ფრონტის წინა ხაზზე“, - განაცხადა სანიკიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania